26 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საიას საქმე ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, თუმცა, სასამართლომ განჩინებაში მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სათანადო დასაბუთების გარეშე ადმინისტრაციული წესით დაკავების მაქსიმალური ვადის გამოყენება უკანონოა. შესაბამისად, დაკავების საფუძვლის ამოწურვისთანავე, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მიუხედავად იმისა, ამოწურულია თუ არა დაკავების მაქსიმალური ვადა.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად, საქმეზე გაკეთებული განმარტება სრულად შეესაბამება სარჩელის მიზნებს. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ: „[ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლში] დასახელებული მიზნები პირის ადმინისტრაციულ დაკავებას ლეგიტიმურობას სძენს არა მხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ თავისუფლების შეზღუდვის სრული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, იმისთვის, რათა პირის ადმინისტრაციულმა დაკავებამ უპასუხოს კანონიერების მოთხოვნას, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონით გათვალისწინებული მიზანი არსებობდეს პირის დაკავების მომენტიდან მის გათავისუფლებამდე. დასახელებული მიზნის მიღწევის შემდეგ პირის თავისუფლების შეზღუდვა, ადმინისტრაციული დაკავებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლამდე, თვითმიზნურ ხასიათს ატარებს“.
საია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება ხელს შეუწყობს თვითნებური დაკავების პრაქტიკის აღმოფხვრასა და ადმინისტრაციული დაკავება აღარ იქნება გამოყენებული დაუსაბუთებლად, მაქსიმალური ვადით.