საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ინფომრაცია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფომრაციაში.
მედიასთან საუბარში ირინა იმერლიშვილმა თანამდებობის დატოვება ახალი სამსახურის შეთავაზების მიღებით ახსნა.
იმერლიშვილის თქმით, კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტმა რექტორის პოზიცია შესთავაზა და ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 11 თვე ჰქონდა დარჩენილი, ეს გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება „ოცნების“ სარჩელს, იმერლიშვილი ამბობს, რომ ეს სარჩელი სასამართლოში ჯერ არ შესულა და მისი გადაწყვეტილება ამას არ უკავშირდება.
ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული. მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ პლენუმში 7 მოსამართლე დარჩა.
ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. საჯარო განცხადებებით ცნობილია, რომ სარჩელს საფუძვლად უნდა დაედოს თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაც. „ოცნების“ წევრების თქმით, სარჩელის ტექსტი თითქმის დასრულებულია და მასში დასაბუთებულად აისახება ის „დანაშაულები“, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ქვეყნის წინაშე სჩადის. ამ კონტექსტში ახსენებენ 4 ოქტომბრის მოვლენებსაც. სარჩელის წარდგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული პარტიების კონსტიტუციურობასა და პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე იმსჯელებს.