საკონსტიტუციოს მოსამართლე როინიშვილის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის ცოლი, დიანა ცინდელიანი, რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა.

ამის შესახებ თავად მოსამართლის ფინანსურ დეკლარაციაში წერია.

დოკუმენტის თანახმად, დიანა ცინდელიანს 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით რუსულ უწყებაში იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დეკლარაციის თანახმად, ამ პერიოდში მან შემოსავლის სახით 1130,41 რუბლი მიიღო, რაც დაახლოებით 35 ლარია.

სოციალურ ქსელ LinkedIn-ის მიხედვით, დიანა ცინდელიანი რუსეთში 2008 წლიდან მუშაობს, ვაჭრობის სამინისტროში კი  2016 წლიდან, უკვე 8 წელია, სხვადასხვა თანამდებობას იკავებს.

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 2 სარჩელია შესული – ერთი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიტანა, მეორე კი – ერთობლივად 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

სარჩელებით მოთხოვნილია რუსული კანონის გაუქმება, ხოლო ამ გადაწყვეტილებამდე დროებითი ზომის დაწესება და შეჩერება. 

სარჩელები 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა განიხილოს, რომელთა შორის ერთ-ერთი ვასილ როინიშვილია

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2020 29 მაისს დანიშნა. არსამთავრობო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ როინიშვილი ე.წ სასამართლო კლანთან დაკავშირებული პირია.

საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე ვასილ როინიშვილს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურდა და შესაბამის კონკურსშიც მონაწილეობდა.

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის იყო, რომელმაც 2017 წელს მხარი დაუჭირა „რუსთავი 2-ის“ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას.

ვასილ როინიშვილი 2008-09 წლებში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, მანამდე, 2006-2008 წლებში კი – აჭარის პროკურორი.

აჭარაში მუშაობის დროს ის იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი.