საკონსტიტუციოს პლენუმი პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე დასკვნას ორშაბათს წარუდგენს

პუბლიკა

საკონსტიტუციოს პლენუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე დასკვნას პარლამენტს ორშაბათს წარუდგენს.

პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის საბოლოო თარიღი 14 ოქტომბერი იყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ეს არასამუშაო დღეა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს, ორშაბათს.

მერაბ ტურავას თქმით, ევა გოცირიძემ ძალიან მოკლე დროში შექმნა 50-60 გვერდიანი ტექსტი, რომელშიც მოსამართლეებს კორექტურების შეტანა შეუძლიათ.

“ყველა მოსამართლე ამბობს იმას, რომ ქალბატონმა ევა გოცირიძემ ძალიან მოკლე დროში შექმნა ეს ტექსტი.

ტექსტი არ არის ორი და სამი გვერდი, 50-60 გვერდზე მეტი არის. Ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ თავისი კორექტურა შეიტანონ”, – განაცხადა ტურავამ.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. „ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინება, სადაც „ოცნება” მიუთითებს, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა.

სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას სწორედ წარდგინების განხილვის შემდეგ იღებს.