საკონსტიტუციოში საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკას ასაჩივრებენ

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკას ასაჩივრებს.  ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოსარჩელეები არიან, ერთი მხრივ, რელიგიური ორგანიზაცია, მეორე მხრივ კი, ქ. სიღნაღში ტყის მახლობლად მცხოვრები მოქალაქე.

„კონსტიტუციური სარჩელის მიზანია დაიცვას ტყე, როგორც უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი  განკერძოებისგან, რადგან ამით ირღვევა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი და საზოგადოების ტყის რესურსზე წვდომის უფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, 2020 წლის მაისში ახალი ტყის კოდექსის მიღებამ და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესულმა ცვლილებამ შესაძლებელი გახადა საქართველოს საპატრიარქოსათვის მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყეთა ფართობებისა და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემა.

„სადავო ნორმის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს საპატრიარქოსათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემის მიზანია ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა.[2] “, – წერია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას. არ არსებობს გონივრული მიზეზი, რომელიც  გაამართლებდა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ პრივილეგიის მინიჭებას.

მათი თქმით, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ტყის ფართობებზე საკუთრების მოპოვების უფლებამოსილების ექსკლუზიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით თანასწორობის გარანტირებულ უფლებას.

„მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება ტყის მართვისა და ტყით სარგებლობის რიგი ექსკლუზიური უფლებები, რაც გამორიცხავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტყის რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას. კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ტყის ფართობებზე მოსახლეობა ვერ შეძლებს საქონლის ძოვებასა და პირადი მოხმარების მიზნით ტყის რესურსების მოპოვებას, რაც აუცილებელია მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ტყის რესურსების ერთი კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ დათმობა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის წვდომის შეზღუდვის ხარჯზე,  გამართლებული არ არის არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური, არც კულტურული და არც სოციალური ინტერესით.

„მეტიც, სახელმწიფოს არც კი შეუფასებია ტყის ვრცელი ტერიტორიების  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის ეკონომიკური სარგებლიანობა და მისი შესაძლო გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ბუნებრივ გარემოზე. შედეგად, სადაო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული გარემოს დაცვის უფლება, რომლის მოთხოვნაა ბუნებრივ გარემოზე წვდომისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.