საკონტროლო პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც განთავსდება

პუბლიკა

იმ 7 ქალაქის სიას, სადაც საკონტროლო პუნქტები განთავსდება, ემატება კიდევ ორი მუნიციპალიტეტი – თელავი და ახალციხე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ამ ცვლილების მიზანია მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვის კონტროლი და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, საკონტროლო პუნქტები უნდა განთავსებულიყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის შემოწმების, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული კონტროლისა და, ასევე, პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით.

„ამ ღონისძიებას გაატარებს შსს-ს ძალები და მასთან ერთად ჩაერთვებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი – ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილების პირობებში თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება, რაც მთავარია, ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფო მოქალაქისა და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის, ამ ქვეყნის, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ  შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი გავაგრძელოთ“, – განაცხადა პრემიერმა.