დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდიანციო საბჭოს სამდივნოში „მწვანე პასპორტების“ შესახებ სრული პაკეტი წარადგინა – ეს ინფორმაცია ჟრნალისტებს ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააცნო. მისივე თქმით, დამუშავებულ პაკეტს სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს.
„გიდასტურებთ, რომ სავალდებულოობა იმუნიზაციასა და აცრებში ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილებაა. წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც მიიღო – რამდენიმე ქვეყანაა, ყველა არა, ძირითადად არის ე.წ. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები, ანუ “მწვანე პასპორტების” სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს, ამაზე მიდის ძირითადი დისკუსია, თუ რომელი იყოს, ამ “მწვანე პასპორტების” რა სისტემის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული“, – თქვა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელზე გაჩერდა იქამდე, სანამ დამატებითი ბერკეტები არ ამუშავდა.
„ჩვენ სამწუხაროდ, 32-33%-ზე ვჩერდებით, ალბათ, ჩვენი ზღვარი იქნება ნებაყოფლობითობის, როცა ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვეხვეწებით, ვუხსნით, მობრძანდითო, დიდ დაწესებულებებს ვხვდებით, ვუხსნით, მათთან ერთად ვმუშაობთ, რომ აცრა თანამშრომლების დიდ ნაწილს ჰქონდეს, ზოგიერთი შიდა წახალისებებს აკეთებს, ამის ზღვარი ჩემი აზრით, 35-37%-ია მოზრდილი მოსახლეობის, რაც შეიძლება 40%-ზე ავიდეს. იმის ზემოთ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმებია – სად უნდა იმუშაოს, თუ ორჯერ არ არის აცრილი, ბოლო 72 საათში უარყოფითი PCR, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი დაავადება, თუ ეს აღნიშნული არ არის თქვენს ელექტრონულ ბარათში, ან ქაღალდზე, ისე შეიძლება ზოგიერთი შეზღუდული იყოს. ეს არის ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი, ეს არ არის მანდატორი, ეს არ არის სავალდებულო, ყველაფერზე ვერ დავკონკრეტდები“, – განაცხადა გამყრელიძემ.