საკრებულომ „ლაგუნა ვერესა“ და სხვა ცათამბჯენების პროექტებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცა, რითაც მხარი დაუჭირა დედაქალაქში რამდენიმე სადავო პროექტისა და ცათამბჯენის მშენებლობას – მათ შორისაა მულტიფუნქციური კომპლექსი „ლაგუნა ვერესთან“, რომლის აშენებაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ფონდ „ქართუს“ კომპანიას სურს.

ასევე პროექტებს შორის, რომელსაც საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა არის მრავალფუნქციური კომპლექსები ვაკეში, ნაძალადევსა და დიღომში.

დღევანდელი გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მშენებლობასაც, რომელიც ვაკეში 169-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს.

საკრებულოს უმრავლესობამ ასევე კენჭი უყარა „ოცნების” დეპუტატის,  ნინო წილოსანის ოჯახთან დაკავშირებულ მშენებლობასაც ნაძალადევში. ეს არის პროექტი, რომლის მიხედვითაც ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე წილოსანის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიას ასევე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება უნდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ქალაქში მსგავსი მშენებლობების აშენება გამოიწვევს ურბანულ გენოციდს. ოპოზიციამ სხდომა კენჭისყრამდე დატოვა.

საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ოპოზიციას არ სურს ქალაქის განვითარება. მისი თქმით, საკრებულოს მხარდაჭერა აღნიშნულ პროექტებზე ავტომატურად არ ნიშნავს მშენებლობის ნებართვას.

„თითოეული პროექტის განხილვა თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და არავინ იფიქროს, თითქოს გადაწყვეტილებას ერთ დღეში ვიღებთ. პროცესი მრავალთვიანია და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. იმ სურვილებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას აქვს, პროექტები რამდენჯერმე დაკორექტირდა. ოპოზიციონერები დღეს მანიპულირებენ იმით, თითქოს ამ პროექტების უკან კონკრეტული სახელები და გვარები დგანან. ეს იმის დასტურია, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და ქალაქის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას, რაც თბილისისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო იქნება”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს მხარდაჭერის შემდეგ, მერიაზეა დამოკიდებული, გასცემს თუ არა აღნიშნულ პროექტებზე მშენებლობის ნებართვას.