თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს მხარი დაუჭირა. საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა.
გრგ-ს დამტკიცების შემდეგ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საკითხი მერიაში დაბრუნდება.
პროექტის მხარდაჭერას არ ემხრობოდა ოპოზიცია.
პოლიტიკური განცხადებების დროს მათ გააკრიტიკეს ვერეს ხეობაში მასშტაბური მშენებლობა და პროექტთან ივანიშვილის და რუსული ინტერესები დააკავშირეს. სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
წარმოდგენილ პროექტს აკრიტიკებენ სპეციალისტებიც.
„ურბანული კვლევების ცენტრმა“ 12 დეკემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროექტთან დაკავშირებული რისკები სათანადოდ არ არის გამოკვლეული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილი განაშენიანება ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი განვითარების პრინციპებს, საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაგეგმილი განაშენიანება არსებითად შეცვლის მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას, მოსპობს ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალს და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს სატრანსპორტო მდგომარეობაზე.