საკრებულოს დამლაგებელი: 196 ლარს ვიღებდით ხელზე

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს დამლაგებლის, ნანა ჯუღელის თქმით, დაახლოებით 4 თვეა, ანაზღაურებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ და ითხოვენ ხელფასების მომატებას. მიმართეს ყველა შესაბამის სამსახურს, თუმცა არავინ დაეხმარა, რის შემდეგაც დახმარება „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ხაბეიშვილს სთხოვეს.

„დაახლოებით 4 თვის წინ, სანამ ტენდერი გამოცხადდებოდა, შევედით მოთხოვნით. ყველას მივმართეთ, ვისაც შეიძლებოდა, რომ ჩვენი საქმე შეხებოდა. ყველას მივმართეთ თხოვნით, რომ იქნებ მოგვიმატოთ, იქნებ  რაღაცის დაგვეხმაროთ.

200 ლარსაც კი არ ვიღებთ. 196 ლარს ვიღებთ ხელზე. ვითხოვდით მომატებას, რადგან ეს იყო აუტანელი, მაგრამ არავინ არ მოგვისმინა.

მიიტანეს ვითომ გულთან. კი ბატონო, გვითხრეს, რომ კი მოგიმატებთ, დამშვიდდით, დაწყნარდით. დავმშვიდდით. ჩატარდა ტენდერი, დაველოდეთ, შემოვიდა კომპანია, შემოვიდა ისევ ისეთივე დაბალი თანხით, როგორითაც იყო წინა კომპანია…

ამის შემდეგ 20-ივე დამლაგებელი შევედით ბატონ ლევანთან [ხაბეიშვილი] და მივმართეთ თხოვნით, რომ  რაღაცით იქნებ დაგვდგომიყონ გვერდში. მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს დამლაგებელი ნანა ჯუღელი.


დღეს საკრებულოს კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების” დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატების გაღიზიანება „კავკასიის”ეთერში დამლაგებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა გამოიწვია.

„თვალზე რატო დამარტყეს? წიხლებით რატო შემდგნენ, რა იყო მათი მიზანი? –  როგორ დავიცავი და გავბედე, დამლაგებლებს რომ აქვთ 8 ლარი ანაზღაურება, როგორ გავბედე და როგორ ვთქვი ეს ერთ-ერთ ეთერში, ანუ პოლიტიკური განცხადების გამო, იმისთვის, რომ ვთქვი, ეს არასწორია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი „TV პირველთან“ ამბობს, რომ ამ დაპირისპირებას ჰქონდა თავისი წინაპირობები.

„იჯდა ლევან ხაბეიშვილი დაახლოებით  ერთი კვირის წინ ეთერში. თქვა სრულიად  არასწორი რაღაცები, თითქოს დამლაგებლის ხელფასის მომატება შეგვიძლია ჩვენ და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნება შიგნით, ეს ჩვენ როგორ უნდა გავუკონტროლოთ, არ მესმის. ამას მოაყოლა მერე, რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის უნამუსო, არაკაცი და ფარჩაკი”, – განაცხადა დავითულიანმა.