საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმაში 6 ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულები სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ ცდილობდნენ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას. ზოგადად, ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობდა და არსებობს მიმალვის რეალური საფრთხე“, – ამბობს პროკურორი მარიამ ბეგიაშვილი.

თავად ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა.

„წლამდე აქვთ ბრალი წაყენებული, როცა 50 კაცი მოვარდა. 30 კაცი შიგნით შემოვარდა, ყველაფერი დამილეწეს. ყველაფერი გატეხილია. „ნაციონალი“ მეძახეს მცირეწლოვანი შვილებთან ერთად… 50 კაციდან მხოლოდ 6-ია დაკავებული? ამას უნდა ვენდო? შეიძლება ამ მასკარადში შევიდე? ზუსტად ვიცი რაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა სიმართლე ვილაპარაკო, რაც არ უნდა გულწრფელად ვილაპარაკო, პირიქით შემომიტრიალდება ეს ყველაფერი,“ – განაცხადა ეძგვერაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

რა მოხდა გლდანში?

22 სექტემბერს გლდანში თავს დაესხნენ ენმ-ის საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ 3 პირს. მომხდარის ორგანიზებაში ეძგვერაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს ადანაშაულებს და დაპირისპირებას საკრებულოს სხდომაზე მომხდარს უკავშირებს. ეძგვერაძის თქმითვე, მათ თავს 30-ზე მეტი ადამიანი დაესხა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. თავად ზარნაძე ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ამ ეპიზოდზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შსს-მ მეორე დღეს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ გლდანში მივიდნენ მისი თანაპარტიელები, ენმ-ს წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შსს-მ კი ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა და იზოლატორში გადაიყვანა.

მოგვიანებით შსს-მ ასევე განაცხადა, რომ გამოძიება ასევე დაიწყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ-ის 353-ე პრიმა), ვინაიდან, „დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ“.