თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 2 500 ლარით დააჯარიმა. როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს „შეშინებული ხელისუფლების ქმედებებია და მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოდან სხვა მოლოდინი“ არც ჰქონია.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან, ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ამბობდნენ, რომ იყო სპეცოპერაცია, მაგრამ კამერით არ იღებდნენ, რადგან გაფუჭებული იყო. მთავარი, რატომაც ეს კეთდება, ისაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეგვეშალოს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. არ ვილაპარაკოთ ხალხის პრობლემებზე”, – აცხადებს ის.
4 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და თბილისის საკრებულოს წევრები, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.