თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები ქალების მხრიდან შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებას ეხმაურებიან და საბჭოს ქალების მიმართ მხარდაჭერისა და ქმედითი ნაბიჯები გადადგმისკენ მოუწოდებენ.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, თუ საბჭო უგულებელყოფს მათ მოწოდებას, ისინი საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას განიხილავენ.
„ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და გუნდი დუმს. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ არ გაუვრცელებიათ არანაირი განცხადება, არც პოზიცია, საბჭოს სხდომაც კი არ ჩაუნიშნავთ ამ საკითხების განსახილველად, უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის მოწოდებები და კომენტარები, შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით საერთო „ოცნების“ ნარატივით, რომლებიც ცდილობენ ქალების შეურაცხყოფას და დამცირებას.
ჩვენთვის, როგორც გენდერული საბჭოს ოპოზიციური წარმომადგენლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგამყოფზეა და თან ევროკომისიის რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობას ეხება, თბილიის მუნიციპალიტეტის განდერული თანასწორობის საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებისისკენ და ქალებს აღმოუჩინოს მზარდაჭერა და გამოუცხადოს სოლიდარობა, რადგან ეს ფაქტი გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის, როემლებსაც ჯერ არ გამოუჩენიათ გამბედაობა რომ მსგავსი ძალადობის ფატებზე საჯაროდ ისაუბრონ“, – განაცხადეს დეპუტატებმა.
მათივე თქმით, თუ საბჭო არ გამოხატავს საჯარო პოზიციას ისინი დარწმუნდებიან, რომ საბჭო „იმართება „ქართული ოცნების“ და „პოს ტვ“-ის დირექტივებით და შესაბამისად მთელი საბჭოს მუშაობა გახდება ფორმალური.“
25 მარტს გადაცემა „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, არხის ცნობით, ასახავს სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას.
პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთ მფლობელსა და წამყვანს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ამხელს. ქალებმა თავიანთი ისტორიები სოციალურ ქსელში გააზიარეს.
შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რაც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.