საკრებულოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივსტები არიან შეკრებილები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, თუმცა ისინი ამას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, მას სურს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა.
„პარლამენტის წევრს უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, მაგრამ ციხესიმაგრედ არის გადაქცეული დღეს საკრებულო, მესამე შესასვლელთან მოვდივარ და ყველა შესასვლელთან მეუბნებიან, რომ სხვა შესასვლელთან უნდა მივიდე. ციხესიმაგრედ აქვს გადაქცეიული ბიძინა ივანიშვილს, ყველა საჯარო დაწესებულება. მე როგორც პარლამენტის წევრი ვითხოვ, შევხვდე საკრებულოს თავმჯდომარეს და მოვისმინო, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს „ქართული ოცნება“ მოძალადე დეპუტატებთან მიმართებაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს ორმაგი სტანდარტი, რადგან ოპოზიციის წევრებზე ფიზიკური დაპირსპირება რჩება დაუსჯელი, ხოლო უმრავლესობის დეპუტატზე სიტყვიერ თავდასხმას მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
„ხელისუფლებას აქვს ორმაგი სტანდარტი, მისი დეპუტატების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მყისიერად ისჯება, ოპოზიციაზე ფიზიკური თავდასხმა რჩება სრულიად დაუსჯელი, ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ არის სახელმწიფო, სადაც ან კანონი არსებობს, ან კანონის უზენაესობა, ან ხელისუფელება, რომელიც ხალხის ინტერესს იცავს“, – თქვა სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმaშვილის განცხადებით ლევან ხაბეიშვილი მეორედ დაიბარეს დღეს გამოკითხვაზე, ხოლო დეპუტატები, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ ჯერ გამოკითხულებიც კი არ არინ.
„ეს არის დღევანდელი „ქართული ოცნება“, იზოლირებულნი არიან, ჩაკეტილები შიგნით, ამ ხალხის გამო, ამ ზონდერებს იცავენ“,- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, პარლამენტარებისთვის გამოყოფილია საკრებულოში ოთახი, სადაც შეუძლიათ შევიდნენ და შეხვდნენ საკრებულოს წევრებს.
„პარლამენტის წევრებს ვუშვებთ, ვინ თქვა რომ არ ვუშვებთ? პრობლემა არ არის დანარჩენებს ვერ შემოვუშვებთ. ახლა ღონისძიება იმართება, ამ ღონისძიების ხელშეშლის პრევენციის გამო, არ ვუშვებთ ამ ადამიანებს, ისინი მოწოდებულები არიან იმისთვის, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა“, – განაცხადა საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ჭონქაძემ „მთავარ არხთან“.
საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით მომხდარს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„სამართლებრივი რეაგირება მოხდება ისეთი, როგორიც უნდა მოხდეს და მიეცემა შესაბამისი მსვლელობა, იმ ნაწილში როცა უმრავლესობის წევრები დაესხნენ თავს ლევან ხაბეიშვილს და ასევე იმ ნაწილში, როდესაც ხაბეიშვილი დაესხა თავს ირაკლი ზარქუას. დარწმუნებული ვარ ორივე ნაწილი შეფასდება სამართლებრივად“, -თქვა საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
24 იანვარს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.