„ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდ წილად ამ „არა ჰესებს“ კამპანიის გამო”, – ამის შესახებ განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოხსენებისას განაცხადა.
„ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით საკუთარი პროდუქციის უზრუნველყოფის დონეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ვავითარებთ საკუთარი წიაღისეული რესურსების არა მხოლოდ მოპოვებას არამედ გადამუშავებას იმისთვის, რომ მეტი დამატებული ღირებულება რჩებოდეს ქვეყანაში და ექსპორტზე გადიოდეს არა ნედლეული, არამედ მზა პროდუქცია და ა.შ. ამ ჩამონათვალში ყველა კანონზომიერებით უნდა ლიდერობდეს ენერგეტიკა, საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა, რომელიც გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი შემაშფოთებელს უწოდებს ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი ცნებაა და თითქოს საკუთარი ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოსთვის საჭირო არ არის.
„შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მლნ კვსთ-ს ოდნავ აღემატებოდა, ახლა გვიხდება 1.6 მლრდ კვსთ-ის ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა. ამას თუ დავამატებთ დაახლოებით 3 მლრდ კვსთ-ს რაც თბოსადგურებზე ანუ იმპორტული გაზით გამომუშავდება, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ამ მიზნით ქვეყნიდან გავიდა 200 მლნ დოლარამდე თანხა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, დასაქმებას და ბიუჯეტებს მოხმარდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება დღევანდელი 12 მილიარდი კილოვატსაათიდან სულ მცირე 21 – 22 მლრდ კვსთ-მდე გაიზრდება, ანუ პრაქტიკულად გაორმაგდება.
„ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავწყვიტოთ, შემდგომ 10 წელიწადში საიდან ვიღებთ დამატებითი 32 მლრდ კვსთ ენერგიას – სწორედ ამდენი დაგვჭირდება დამატებით, რომ უზრუნველყოთ ეკონომიკის და ცხოვრების დონის ზრდა და იქნება თუ არა ეს ენერგია არსებითად წარმოებული ჩვენს საკუთარ ჰიდროსადგურებზე (და, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქვეყანაში დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი, რაც არის ამ მოცულობის მიახლოებითი ღირებულება), თუ მოსახლეობის მიერ გადახდილი ეს ფინანსური რესურსი გავა ქვეყნის გარეთ იმპორტის შესაძენად და შესაბამისად, მოხმარდება რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, კიდევ ერთი ალტერნატივა არსებობს – ჰიდროსადგურების ნაცვლად დამატებით დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის გაზზე მომუშავე თბოსადგურების აშენება, რაც 10 წელიწადში დამატებით 900 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტს მოითხოვს. თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში ამ თანხით გავაძლიერებთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს.
„არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. მაგრამ შემაშფოთებელია, თუკი ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება ასეთი დიდი და მზარდი დოზით დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე, მაგალითად, ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდებული დენის ფასი დამოკიდებული იქნება რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ვითარებაზე და ენერგოპოლიტიკაზე, ანუ იმპორტული ენერგორესურსების ფასებზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვისას, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ელექტრომომარაგებას ერთი საათის განმავლობაშიც კი“, – განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავას მოხსენების წერილობით ვერსიას ეკომონიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.