საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხვიჩა კიკილაშვილი ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა.
„საკუთარი სურვილით დავტოვე. განცხადება ერთ კვირაზე მეტია, დაწერილი მაქვს. ჩემი შემცვლელი უნდა აირჩიოს პლენუმმა უზენაესის“, – უთხრა მოსამართლემ TV პირველს.
ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2020 წელს დაინიშნა. მას 5 წელი კიდევ ჰქონდა დარჩენილი.
2025 წლის 30 მარტს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისგან. სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, სამ წევრს 90 ხმით ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიერ დანიშნული წევრი იყო, ხვიჩა კიკილაშვილი კი – უზენაესი სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ მისი შემცვლელი 1 თვის ვადაში უნდა აირჩიოს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტი მერაბ ტურავას შემცვლელის არჩევას ვერ მოახერხებს, რადგან 90 ხმა არ აქვს.
კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს.
სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ ფარული კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.
კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ვარაუდობს, რომ უზენაესის თავმჯდომარედ აირჩევენ მას, ვისაც უზენაესი სასამართლო კიკილაშვილის შემცვლელად დანიშნავს.