„საკუთარი საწვიმარი თავზე გადამაფარეს და მცემეს. ორს ვეჭირე, დანარჩენები სახეში მირყამდნენ“ - მოქალაქე

პუბლიკა

2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ გუშინ გამთენიისას დააკავეს და სპეცრაზმელებმა  რამდენჯერმე სცემეს. მან ინგოროყვას კლინიკა ამ დილით დატოვა.

„სპეცრაზმელებმა გადაამოწმეს, რომ აღარ იყვნენ გარშემო ჟურნალისტები, დაიწყეს ჩემი ცემა. თავიდან დაიწყო იმით, რომ ორი ადამიანს, რომლებსაც გვერდებში ვეჭირე მირტყამდნენ, მაგრამ ცოტა ხნის მერე აიღეს და საკუთარი საწვიმარი თავზე გადამაფარეს და დამიწყეს ცემა. ორ ადამიანს ვეჭირე ხელებში, დანარჩენები სახეში მირტყამდნენ. იმის გამო, რომ გადაფარებული მქონდა, რამდენი ადამიანი მირტყამდა და რას, ეს ყველაფერი მე ზუსტად არ დამინახავს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იდგა და სცემდნენ, მერე მან მითხრა, რომ ყველა ნებისმიერი გამვლელი მოდიოდა და წიხლებს მირტყამდა სახეში, მუხლს, ყველაფერს“.

ლაზარე მაღლაკელიძე ჰყვება, რომ ცემის შემდგომ გონება დაკარგა, გამოფხიზლებულს კი ისევ თავიდან დაუწყეს ცემა.

„რაც უდგათ, ეს სამარშრუტო ტაქსები შიგნიდან აქვთ მთლიანად გამოცარიელებული, რამდენიმე სკამი დგას შიგნით. იქ შეგვყარეს მე და კიდევ სამი ადამიანი. გვცემეს, მერე გავიდნენ და დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდნენ. შემოვიდა ხუთამდე სპეცრაზმელი, ჩააქრეს შუქი და გვცემეს მერე სიბნელეში. რომ გამოვფხიზლდი კაი ნაცემი ვიყავი და რაც მეცვა, ეს საწვიმარი, ვთხოვე რომ გამეხადა, იმიტომ, რომ სავსე იყო სისხლით…

„დუბინკით გაუპატიურებაზე“ და ათას საშინელი მუქარაზე აღარც ვლაპარაკობ… იქ რომ მუცელში მირტყამდნენ და ფეხებში, მაგას კიდევ ვინ ჩივის“,- ჰყვება ლაზარე მაღლაკელიძე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

განცხადების მიხედვით, ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტ**კში გაგთხრით დუბინკას“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ****რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“.