„საკუთრების უფლებასაც დაცვა სჭირდება და იმავდროულად, აქცენტი უნდა გვქონდეს გაკეთებული იმაზე, რომ უსაფრთხო არ არის იმ შენობაში ყოფნა ადამიანების, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ შენობის მდგომარეობა არ იძლევა უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას“,- ამბობს „ქართული ოცნების“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებასთან დაკავშირებით.
„მეორე ფაქტორი – ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს დაცვას. რაც შეეხება საკითხს, როგორი იქნება შემდგომში ნაბიჯები, მე შემიძლია ვისაუბრო დევნილთა მიმართებაში. რაც შეიძლება ითქვას, ყველა მოქალაქე ვინც იქ იმყოფება, არ არიან დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში, არის 58 რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია მთლიანად იქ შესული ადამიანების და მათგან, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში, სახელმწიფოს აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით, ვალდებულება შესრულებული“, – ამბობს სარჯველაძე.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილებს ასახლებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე იქ იმყოფებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები. იძულებითი გამოსახლების დროს ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რაც ავეჯის გადასატანი სატვირთო ავტომობილის გამოჩენას მოჰყვა.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 4 პირია დაკავებული. მუხლი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.