ოპოზიცია საკვანძო რაოდენობის მაჟორიტარულ ოლქებში მაინც მოვახერხებთ კოორდინაციას - კახიძე

პუბლიკა

„ჩვენ საკვანძო რაოდენობის ოლქებში მაინც მოვახერხებთ კოორდინაციას და დავუპირისპირდებით ივანიშვილს”, –  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ „TV პირველის” ეთერში განაცხადა.

კახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეუწყვეტია ყველა შესაძლო განვითარების მიხედვით მოქმედებების დაგეგმვა და მოახერხებენ, რომ საკვანძო რაოდენობის ოლქებში „საერთო მაჟორიტარები” დაუპირისპირონ მმართველ გუნდს.

„ჩვენ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინიც კი გვქონდა ამგვარი სცენარის, და არსებული სისტემის შემთხვევაშიც ვმუშაობდით, რომ კოორდინაცია ყოფილიყო საკვანძო რაოდენობის მაჟორიტარულ ოლქებზე. ამიტომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში არასდროს შეგვიწყვეტია ყველა შესაძლო განვითარების მიხედვით ჩვენი მოქმედებების დაგეგმვა. ვგულისხმობ მთლიან ოპოზიციას. ჩვენ ვიყავით გაერთიანებული ამ საარჩევნო სისტემის გარშემო და ვაპირებდით ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად კოორდინაციას მაჟორიტარულ ოლქებში. ეს ოლქები იქნება 30 თუ 73, ჩვენ საკვანძო რაოდენობის ოლქებში მაინც მოვახერხებთ კოორდინაციას და დავუპირისპირდებით ივანიშვილს. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ რაიმე ფორმით ეს გადაგდება უშველის, მხოლოდ და მხოლოდ ცდება”, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, ოპოზიცია პრინციპულად აყენებს ორივე საკითხს – საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. კახიძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრების საკითხის მოხსნით გამოვა, რომ „ივანიშვილს ყველაფერი გასდის”.

„რა თქმა  უნდა, ჩვენ პრინციპულად ვსვამთ ორივე საკითხს, თუ ჩვენ რაიმე ფორმით დავთმეთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და მაინც დავუჭირეთ მხარი ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს ყველაფერი გასდის, ამის დაშვება არის დამღუპველი… აქ ერთი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე რომელიმე პატიმრის ციხეში ყოფნა-არყოფნა. ეს არის საკითხი – ჩვენ უნდა გავუტაროთ თუ არა ივანიშვილს ასეთი ტიპის თავხედობა. ამ თავხედობას თუ არ დავხვდით  მტკიცედ და პრინციპულად, ის მას განაგრძობს. არ შეიძლება გავუტაროთ მას ეს თავხედობა და ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ”, – აღნიშნა კახიძემ.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას, გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.