საკვების რიგში დახოცილი პალესტინელები, შიმშილობა — ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება 

პუბლიკა

ღაზაში ისრაელელი ჯარისკაცები პალესტინელებს საკვების მიღების რიგში ესვრიან  – ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ 20 ივლისს საკვების რიგში 80-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლის თქმით, პალესტინელებს საკვების მიღების რიგში ისრაელელი სამხედროები ცეცხლს უხსნიან, მათ შორის გაეროს და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარების კოლონების მახლობლად.

გაეროს ცნობით, საკვების მიღების რიგში გახსნილ ცეცხლს, 21 ივლისის მონაცემებით, 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

20 ივლისს ისრაელელმა ჯარისკაცებმა ათობით ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს და დახოცეს, ასევე ათობით ადამიანი დაშავდა მაშინ, როცა ისინი გაეროს საკვების პროგრამის სატვირთო მანქანების ღაზაში შესვლას ელოდებოდნენ.

ისრაელის ჯარი ამტკიცებს, რომ ისინი ესვრიან მათ, ვისგანაც თავად მოდის სროლის საფრთხე. ქაოსის შექმნაში ისინი ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს” ადანაშაულებენ, რომელიც ღაზას მართავს.

20 ივლისს პალესტინელებისთვის ცეცხლის გახსნა დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

„ღაზაში დახმარების მაძიებელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა გამართლებული არ არის. მე კვლავ ვესაუბრე გიდეონ საარს [ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი] და გავუმეორე, რომ IDF-ის ჯარისკაცებმა უნდა შეწყვიტონ ადამიანების დახოცვა საკვების გამანაწილებელ პუნქტებში. ყველა ვარიანტს განვიხილავთ, თუ ისრაელი თავის დაპირებებს არ შეასრულებს”. – დაწერა კაია კალასმა X-ზე.

გაეროს საკვების პროგრამის სასწრაფო მომზადებისა და რეაგირების დეპარტამენტის დირექტორმა, როს სმიტმა 21 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა:

„ეს შემთხვევა ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა, რაც კი ღაზაში და სხვაგან ჩვენი ოპერაციების დროს გვინახავს, სანამ მუშაობას ვცდილობთ. ამის თავიდან აცილება აბსოლუტურად შესძლებელი იყო”.- განაცხადა სმიტმა.

AP Photo/Jehad Alshrafi
ამ ფოტოზე იმ ადამიანების ცხედრებია, რომლებიც საკვების მიღების რიგში დახოცეს. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 20 ივლისს.

გარდა ამისა, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 21 ივლისს გაკეთებული განცხადებით, ბოლო 24 საათში ღაზაში შიმშილით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების და საკვების შეტანა სრულად აკრძალა მარტში, მაისში კი აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნა. თუმცა, ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების სრულფასოვნად მიწოდება კვლავ დიდი პრობლემაა.

ახლა გაერო აცხადებს, რომ ღაზაში შიმშილობის კრიზისმა ახალ დონეს მიაღწია – ღაზაში მყოფი მოქალაქეების ერთ მესამედს უკვე მრავალი დღეა, ერთხელაც არ მიუღია არანაირი საკვები.

ღაზაში დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანია. 2025 წლის დასაწყისში სურსათის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ყოველი მე-5 ადამიანი შიმშილობის საფრთხის წინაშე დგას.

როს სმიტის განცხადებით, გაეროს საკვების პროგრამის შეფასებები აჩვენებს, რომ ახლა მოსახლეობის მეოთხედი შიმშილობის მსგავს პირობებშია. თითქმის 100 000 ქალი და ბავშვი მძიმე, მწვავე არასრულფასოვანი კვებისგან იტანჯება და მაქსიმალურად სწრაფად საწიროებს მკურნალობას.

სმიტი ამბობს, რომ გამოსავალი ჰუმანიტარული დახმარებაა, რომელიც ღაზაში მყოფ ყველა ადამიანს მიწვდება.

მან ასევე განაცხადა, რომ იმისთვის, რათა გაეროს ჰუმანიტარულმა მისიამ ეფექტიანად იმუშაოს, საჭიროა მინიმალური პირობების დაკმაყოფილება. მათ შორის, სათანადო მარშრუტის არსებობა, რომელსაც ღაზაში დღეში 100 სატვირთო მანქანის შესაყვანად გამოიყენებენ.

„ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ ჩვენი მანქანების კოლონებთან, იქ, სადაც საკვების გაცემა ხდება, არ იყვნენ შეიარაებული პირები”. – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ საკვები უნდა მივიდეს ხალხთან და არა პირიქით – ხალხი უნდა მივიდეს იქ, სადაც საკვების გაცემა ხდება, წინასწარგანსაზღვრულ ადგილებში.

„ვიტყოდი, რომ ამ საკითხებზე პრინციპულად შეთანხმებები გვქონდა, მაგრამ პრაქტიკაში ეს შეთანხმებები ღაზაში არ არის დაცული”. – თქვა მან.

როს სმიტმა ასევე ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის კრიტიკულ საჭიროებას.

მისი განცხადებით, გაეროს 2 თვის საკმარისი მარაგი აქვს ღაზის მთლიანი მოსახლეობისთვის იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა და გაეროს კოლონების ღაზაში შესვლა იქნება შესაძლებელი.