საკვებს არ ვიღებ, დღეს დილიდან უარი ვთქვი მინერალებსა და ვიტამინებზეც - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან იუსტიციის მინისტრის  შიმშილობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ის არ იღებს საკვებს და დღეს დილიდან ნატურალური წვენის მიღებაც შეწყვიტა.

„ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება.

30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციითა და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრისა და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.

დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე.

ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობის, ჰუმანურობის და და მოქალაქეობრივი პოზიციის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.