„სალამ-ი“: ე.წ რეფორმით უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შეზღუდული ხდება

პუბლიკა

პლატფორმა „სალამ-ი“, რომელიც საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით მუშაობს, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილეებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული ხდება.

პლატფორმა წერს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება 1+4 პროგრამასთან მიმართებით.

1+4 საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შეღავათიანი პირობებით მიიღონ უმაღლესი განათლება. ის მოიცავს 1-წლიანი ქართულენოვანი მომზადების პროგრამას და 4-წლიან საბაკალავრო სწავლებას, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო ენის ათვისებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

„სალამ-ი“ ამბობს, რომ პროგრამის მონაწილეები, რომლებმაც წელს წარმატებით დაასრულეს მოსამზადებელი ეტაპი და უნდა ჩარიცხულიყვნენ კონკრეტულ ფაკულტეტებზე, ამ დრომდე არ ფლობენ მკაფიო და ოფიციალურ ინფორმაციას ჩარიცხვის წესისა და პროცედურების შესახებ.

„გაურკვეველია, სად და რა ფორმით უნდა გააგრძელონ სწავლა. ანალოგიურად, სრული ბუნდოვანებაა მომავალი ბენეფიციარებისათვის, არ არის ცნობილი, რა ფორმატით ჩატარდება მიღება, რა კრიტერიუმები იმოქმედებს და რა პირობებში შეძლებენ ისინი უმაღლეს განათლებაზე წვდომას“, – წერს პლატფორმა.

„სალამ-ი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ისედაც არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან განათლების სისტემაში.

„მათთვის ქართული ენის არასათანადო შესწავლა, გეოგრაფიული იზოლაცია, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები დამატებით სირთულეებს ქმნის. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა 1+4 პროგრამა, როგორც კომპენსირების მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავდა უმცირესობების ინტეგრაციას და უმაღლეს განათლებაზე წვდომის გაზრდას.

განათლების უფლება არის ფუნდამენტური ადამიანის უფლება, რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ეთნიკური ნიშნით არაპირდაპირი დისკრიმინაციის ნებისმიერი რისკი ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

დარწმუნებულნი ვართ, რომ განათლების სისტემაში ინკლუზიურობის შემცირება გააღრმავებს სოციალურ უთანასწორობას და დაასუსტებს საზოგადოებრივ ერთიანობას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, არა შეზღუდოს, არამედ გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შესაძლებლობები“, – ნათქვამია „სალამ-ის“ განცხადებაში.