„სალამ“ ქვემო ქართლში მოსახლეობის დასახმარებლად მოხალისეებს ეძებს

პუბლიკა

პლატფორმა „სალამ“ 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებს 200-ლარიანი სახელწიფო დახმარების მისაღებად რეგისტრაციაში დაეხმარებიან. ამის შესახებ პლატფორმა facebook-ზე ავრცელებს განცხადებას. 

მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთათათვის კომპენსაციაზე რეგისტრაცია მხოლოდ ქართულ ენაზე იყო, რაც არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებდა. მათივე თქმით, პლატფორმის წევრები მაშინ 300-მდე მოქალაქეს დაეხმარნენ თვითდასაქმებულთა კომპენსაციის მიღებისთვის რეგისტრაციაში.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი ეს შრომა არსებითად საჭირო, მაგრამ, ამავე დროს, არსებითი თანასწორობის მომტანი არ ყოფილა. ჩვენ 300 ადამიანი დავარეგისტრირეთ, თუმცა, ენობრივი ბარიერის გამო, ალბათ, 3000-ზე მეტი ადამიანი დარჩა რეგისტრაციისა და კომპენსაციის მიღების გარეშე. ამ პროცესში, რაც გვამშვიდებდა, იყო ის, რომ ამ მიმართულებით მომავალში განსახორციელებელ საქმიანობებს საქართველოს მთავრობა დაგეგმავდა აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამა იმავე ხარვეზით დაიწყო და რეგისტრაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი, რამაც შესაძლოა ბევრი ბავშვი დახმარების გარეშე დატოვოს.

„აღსანიშნავია, რომ თანხის მისაღებად, რეგისტრაციის გავლაა საჭირო, ვებგვერდზე –http://daxmareba.moh.gov.ge/. თუმცა, აღნიშნული პლატფორმა ისევ და ისევ მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ეს კი საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების დიდ ნაწილს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. „სალამ“-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს გვაწუხებს და გვაშფოთებს, რომ ენობრივი ბარიერის გამო, შესაძლოა ბევრი ბავშვი აღნიშნული დახმარების გარეშე დარჩეს.

ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე მითითებულია, რომ თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს“.

როგორც „სალამ“ წერს, ყველა ეს დაწესებულება, როგორც წესი, მხოლოდ ცენტრებში მდებარეობს და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ცენტრში მოუწევთ წასვლა.

„ეს მათთვის დისკომფორტია, რადგან დამატებით დროს და ხარჯებს მოითხოვს. ცენტრში ჩასვლისას კი, დიდი ალბათობით, რიგში დგომაც მოუწევთ. მსგავსი სიტუაცია ადრეც არაერთხელ შეიქმნა. აქამდე მიმდინარე დახმარების პროგრამებზე რეგისტრაციისას ვნახეთ, რომ საჯარო დაწესებულებებთან, უსასრულო რიგები იყო.

ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ ყველა მშობელს შეეძლოს დარეგისტრირება და ყველა ბავშვმა მიიღოს ეს დახმარება, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი მწირი რესურსების გამოყენებით, ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ბავშვის რეგისტრაციას და პრობლემის არსებითად მოგვარებას ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, პლატფორმა სალამ-ი საქართველოს ყველა რეგიონიდან მოხალისეებს იწვევს, რათა მათი რესურსების გამოყენებით ერთად დავფაროთ ქვემო ქართლის 50 სოფელი და დავარეგისტრიროთ ყველა ბავშვი“, – აცხადებენ „სალამ“-ის წევრები.

როგორც პლატფორმის განხცადებაშია აღნიშნული, ინიციტავის ფარგლებში, „სალამ“ ორგანიზებას გაუწევს მარშრუტებს თბილისიდან, იდენტიფიცირებას გაუწევს სოფლებს და იქნება პასუხისმგებელი ლოჯისტიკურ საკითხებზე.

„მოხალისეები ჯგუფებში იმუშავებენ წყვილებად და ყველა ჯგუფში იქნება სალამ-ის თითო წევრი, რათა მოსახლეობასა და მოხალისეებს შორის არ იყოს ენობრივი ბარიერი. მოხალისეებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ ინტერნეტზე წვდომის მქონე სმარტფონი, ტაბლეტი ან კომპიუტერი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სოფლებში რეგისტრაციის პროცესის წარმართვას“.

სოფლებში ვიზიტები დაგეგმილია 22 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით.

მოხალისედ დასარეგისტრირებლად საჭიროა, შეავსოთ შემდეგი აპლიკაცია: https://forms.gle/z8XBzB9pBFY9K4Y2A.