სალივანი: თუ „ოცნება" გააგრძელებს ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას, ეს აისახება ჩვენს ურთიერთობაზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები შემცირდება.

სალივანის კომენტარს X-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

რაუფოღლუს ცნობით, „ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნების” ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილი შეხვედრები „მათ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს” უკავშირდებოდა”.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას” საქართველო მიჰყავს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველების უმეტესობას სურს – ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირთან, პოტენციურად NATO-სთან.

ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით…

თუ ისინი [„ქართული ოცნება”] გააგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს აისახება და შეამცირებს ჩვენს ურთიერთობებს”, – აცხადებს სალივანი.