შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს მარტვილში, სალხინოს მონასტერთან კიდევ ერთი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ 7 მოქალაქე დააკავა. აქედან 6 ადმინისტრაციული წესით, ერთ პირთან მიმართებით კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„6 პირია დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, ასევე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
დღეს მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდის ეპარქიის მრევლის ნაწილი შეიკრიბა და მონასტერში შესვლას მოითხოვდა.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება იყო 5 ნოემბერსაც, მას შემდეგ, რაც სალხინოს მამათა მონასტრიდან სასულიერო პირები პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.