სალმონელის საფრთხის გამო „ქინდერის“ 472 კგ საეჭვო პარტია დაილუქა

პუბლიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სალმონელის საფრთხის გამო, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის – „ქინდერის“ 472 კილოგრამი საეჭვო პარტია დალუქა. თუმცა, როგორც სააგენტოში ამბობენ, საშიში პროდუქციის ნაწილი ბაზარზე მაინც მოხვდა.

სააგენტოს ცნობით, 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ახალი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მყისიერად დაიწყეს რეაგირება.

29 აპრილს, სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის“ სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე. შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი სხვადასხვა  დასახელების და პარტიის სურსათი. 

სააგენტოში ამბობენ, რომ გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.

სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, აღნიშნული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენოს.

„ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასავე, სააგენტოში ამბობენ, რომ მათ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღეს შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელის სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.


სალმონელა ბაქტერიის ტიპია, რომელიც Enterobacteriaceae-ს ჯგუფს მიეკუთვნება. ის არის უჯრედშიდა ბაქტერია.