სალოცავებში შეკრების შეზღუდვა რწმენის თავისუფლების შეზღუდვას არ გულისხმობს - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კორონავირუსის დროს რელიგიური მსახურების წესის შეცვლის შესახებ ადამიანთა უფლებადამცველებს შორის განსხვავებული მოსაზრებები იყო, თუმცა თვითონ ფიქრობს, რომ შეკრებისა და გადაადგილების შეზღუდვა ყველა სახის შეკრებაზე უნდა მოქმედებდეს.

„ტელეკომპანია პირველთან” ინტერვიუში ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს არ იზღუდება რწმენის თავისუფლება. მისი თქმით, ეკლესიაში რელიგიურ რიტუალებზე დასწრება რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ეპიდემიის საფრთხის თავიდან აცილების გამო. შესაბამისად, ადამიანებს შორის კონტაქტი და კომუნიკაცია საფრთხეს წარმოადგენს.

„თუ ჩვენ ვნახავთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობას, იქ საუბარია, რომ ეპიდემიის  გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს ის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დიახ, საგანგებო მდგომარეობის დროს, ეპიდემიის დროს,  იზღუდება ნებისმიერი სახის შეკრება, მათ შორის, ეკლესიებსა და სხვა რელიგიურ სალოცავებში, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება იზღუდება, უბრალოდ, იზღუდება მოქალაქის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება”, – განაცხადა ლომჯარიამ.