ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ 17 ფილმს შორის მოხვდა.
„ბერლინალეს“ სრული პროგრამა 11 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად გასაჯაროვდება.
სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმის სინოფსისში ნათქვამია, რომ ეს არის ოდა, რომელიც ადამიანსა და ბუნების დაპირისპირებას ეძღვნება. ძლევამოსილი ადამიანი ყიდულობს ასწლოვან ხეებს და თავის კერძო ბაღში გადააქვს. გზა ბაღამდე სოფლებზე, მთებზე, ზღვაზე გადის. სინოფსისის მიხედვით, ფილმი წარმოაჩენს ქართველი სოციუმის საჭიროებებს, რეფლექსიაა მიგრაციის პრობლემებზე, სადაც „ამოძირკვა“ მეტაფორაზე მეტია.