სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის 2022 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა.
„ფილმი მოგვითხრობს მეტად უცნაურ, მაგრამ ამასთანავე მამხილებელ ამბავზე ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ – ამოთხაროს და ქვეყნის გავლით გადაიტანოს ასწლოვანი ხეები საკუთარ კერძო ბაღში“, – წერს გამოცემა.
სიას დართული აქვს გამოცემის კინოკრიტიკოსის, პიტერ ბრედშოუს იანვარში გამოქვეყნებული რეცენზია, სადაც ავტორი ფილმს „მომაჯადოებელს“ უწოდებდა და წერდა: ამ ხეების ტრანსპორტირება „ფიცკარალდოს“ სტილის ოპერაციაა – განსაცვიფრებელი მასშტაბის განდიდების ილუზიები.
The Guardian-ის სიაში მოხვდნენ ისეთი რეჟისორების ბოლო ნამუშრებები, როგორებიცაა – პედრო ალმოდოვარი, პოლ ტომას ანდერსონი, გილერმო დელ ტორო, ანდრეა არნოლდი, აპიჩატპონგ ვირასეტაკული და ა.შ.
საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერების“ ჩვენებები შინაარსის გამო გააუქმა. კინოსეანსების გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა უნდა გადარიცხულიყო ფონდში – DOCU/HELP, იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ.
„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად“, – უთხრა კინოაკადემიის ხელმძღვანელმა მინდია ესაძემ „რადიო თავისუფლებას“.
კინოცენტრის ვადაზე ადრე გათავისუფლებული დირექტორის, გაგა ჩხეიძის განცხადებით, პირველივე შეხვედრისას თეა წულუკიანმა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერების“ განხილვა დაიწყო.
„…რომლითაც უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა; უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ სახელმწიფომ ფული დახარჯა ამ ფილმის დაფინანსებაზე, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პოზიცია და მესიჯი, რომელსაც ეს ფილმი ავრცელებს“, – განაცხადა ჩხეიძემ 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, სურათი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“ 17 ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე.