სალომე ტატიშვილის საქმეში მსჯავრდებული საქართველოში ექსტრადირებულია - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით,  ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირებული იქნა საქართველოში ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გ.ლ.

პროკურატურა წერს, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენით, გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

„სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა”, – აცხადებს პროკურატურა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მიერ ძებნილი გ.ლ. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა და მსჯავრდებული საქართველოში უკვე გადმოყვანილია.