საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან სასარგებლო საუბარი ჰქონდა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა, რათა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურასა და რეგიონის მომავალზე ესაუბრა.
„ასევე, მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა.
ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, – ამბობს ემანუელ მაკრონი. მისი განცხადების თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.