საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს ტელეფონით ესაუბრა.
საუბრის თემა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მისი შედეგები იყო.
ზურაბიშვილთან საუბრამდე ესტონეთის პრეზიდენტმა X-ზე გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ ხალხის ევროპულ ოცნებას. მისივე თქმით, დემოკრატია ნდობაზე დგას და ყველა ხმა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია.
„ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. გაჩნდა საგანგაშო ცნობები არჩევნების სამართლიან და თავისუფალ ჩატარებასთან დაკავშირებით. დემოკრატია ნდობაზე დგას. ყველა ხმა გადამწყვეტია, ყველა ხმა მნიშვნელოვანია. მოდით ვიმუშაოთ იმაზე, რომ შეიქმნას ისეთი პროცესი, რომელსაც თითოეული ქართველი ენდობა. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მხარეს”, – დაწერა კარისმა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს მოლდოვისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, მაია სანდუსა და ანჯეი დუდასაც ესაუბრა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.
ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.
4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.
27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.