სალომე ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ დრომდე შეხვედრის ვიდეომასალა გაავრცელა.

ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და დიპლომატებმა, თუმცა შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსია.

საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე პრეზიდენტმა 2 კვირის წინაც ისაუბრა – შეხვედრები ევროპაში გაიმართა.

31 აგვისტოს მან ბერლინში ევროპელ ლიდერებთან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

ამის გამო, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება „ქართულმა ოცნებამ“ 12 სექტემბერს შეიტანა – დღეს რეგისტრაციის პროცესი დაიწყება, მომდევნო პროცედურების შესახებ შემდეგ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში 100 ხმა სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობა 83 დეპუტატისგან შედგება. მასში „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ შედიან.

რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ამაზე ევროკომისია დეკემბერში იმსჯელებს. EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი 2022 წლის 24 ივნისს ერთხელ უკვე უთხრა და გადაწყვეტილების გადახედვის პირობად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაავალა.