საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში ვიზიტს განაგრძობს და ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ რინკევიჩმა დაწერა, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწაფებების მიმართ.
„ძალიან სასიამოვნოა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა რიგის სასახლეში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ”, – დაწერა X-ზე ედგარს რინკევიჩმა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესა და საგარეო კომიტეტის წევრებთან.
მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, რომლებთანაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. დაგეგმილია ასევე მისი ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმადგენლებთან.
გუშინ სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ,,ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.
„შეხვედრისას საუბარი ასევე, შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს. პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.