სალომე ზურაბიშვილი მივიდა რუსთაველზე, სადაც „ოცნება" კანდიდატის სტატუსს აღნიშნავს 

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა რუსთაველის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნება” ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აღნიშნავს.

ღონისძიება გუშინ, 14 დეკემბერს, სტატუსის მინიჭების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა. ზურაბიშვილი მას მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს დაესწრებოდა.

დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ „პრეზიდენტს და მის მსგავსს ადამიანებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე არაფერი ესაქმებათ“.

მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლა გადაწყვეტილი არ არის.

„თუ ტაიკვანდოს ილეთებს გამოიყენებს, არ ვიცი”. – თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილმა მდინარაძის პასუხად განაცხადა, რომ „ტაეკვანდო მისი საყვარელი სპორტი არ არის”.

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.

საქართველოს 2022 წელს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და დაასახელა რეფორმების 12 პუნქტი, რომელიც სტატუსის მისაღებად იყო აუცილებელი. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მათი უდიდესი ნაწილი არ შეასრულა.

წელს სტატუსის მინიჭებას თან ახლავს 9 დათქმა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა წევრობის მოლაპარაკებები საქართველოსთანაც დაიწყოს.