სალომე ზურაბიშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა | რა არის მათი მთავარი გზავნილები

პუბლიკა

დასრულდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში შეხვედრამ ნახევარ საათს გასტანა, მისი დასრულების შემდეგ კი მედიისთვის განცხადებები გაკეთდა. პრესკონფერენციის პირდაპირ ტრანსლაციას და სინქრონულ თარგმანს საქართველოს პირველი არხი ახორციელებდა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო NATO-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებში, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენტიტეტში. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი NATO-სა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია. სტოლტენბერგის განცხადებით, გასულ წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გაფართოვდა, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში.

„ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას. პრეზიდენტმა და მე შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები, საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის მიერ სამხედრო მშენებლობის გაგრძელებას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც.

„ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების სფეროში. ეს არის გადამწყვეტი, რადგან პროგრესი რეფორმირების კუთხით უფრო გვაახლოებს ერთიან მიზანთან, NATO-ს წევრობასთან.

ჩვენ დღეს მივმართეთ ასევე მხარდამჭერ მისიას ავღანეთში. საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო NATO-ს მისიაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სამხედროების პროფესიონალიზმს და იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს აქ იმყოფებით, თქვენი ვალდებულებისთვის NATO-სა და ჩვენი პარტნიორობისათვის. NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა სხვადასხვა გამოწვევაზე – პანდემიაზე, დეზინფორმაციაზე, კიბერთავდასხმებსა და ა.შ და თქვა, რომ ამგვარი გამოწვევები საერთო ძალით უნდა დაიძლიოს.

„მოხარული ვარ, რომ ამ წლის დასაწყისში ისევ აქ ვიმყოფებით და ვაჩვენებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ახალ გამოწვევებთან ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, მეტი მოძრაობა და მეტი შემართება. რამდენიმე ფაქტორი გვიბიძგებს ამ მიმართულებით. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მზად არის, დაადასტუროს თავისი კავშირები ნატო-სთან და თავისი ყოფნა ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვნახეთ ახალი კონფიგურაცია ჩვენს რეგიონში, რომელიც გვაჩვენებს, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, კავკასია და შავი ზღვა მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოებისთვის და უნდა მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ნატო-ს მხრიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდნეტმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ალიანსთან თანამშრომლობის სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ თანამშრომლობას უნდა ვუმადლოდეთ თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტების და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას, რომელიც საჭიროა წევრობისთვის. საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებას და ნატო-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის.

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო ურყევია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლიდერებთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან და ბელგიის მეფე ფილიპესთან.