სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფოს შეუძლია, გაამარტივოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცესი, თუმცა, ამას არ აკეთებს.
მან დღეს, 27 მაისს, დიასპორის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და ამაზე ილაპარაკა.
ზურაბიშვილის თქმით, მან ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებისთვის ბევრი ენერგია დახარჯა, თუმცა, შედეგი ვერ მიიღო.
„დღესაც ძალიან რთულია ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, დაიბრუნონ და აღადგინონ საქართველოს მოქალაქეობა. თანხებიც მაღალია და პროცესი ყველანაირად გართულებულია. ეს ყველაფერი ხელს უშლის ჩვენს თანამემამულეებს, დაიბრუნონ თავიანთი მოქალაქეობა.
კიდევ უარესი, რაც მოხდა, რომ უარს ეუბნებიან ადამიანს, როცა მისი სრული უფლებაა, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა.
ტყუილი სიტყვები, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი დიასპორასთან, არ არის საჭირო. ჩვენ გვინდა საქმე და ის, რომ საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიასპორის დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.
„მე ცოტა არ იყოს, გამიკვირდა პრემიერის დღევანდელი სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორას შორის. ამას ვეთანხმები, მაგრამ არათუ მჭიდრო კავშირია, არამედ ყველაფერი კეთდება და გაკეთდა, იმისთვის, რომ ეს კავშირი იყოს, რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი.
იმიტომ, რომ როცა შენ, ხელისუფლება, არ აძლევ საშუალებას შენს დიასპორას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როცა ყველა ბერკეტს და ყველა ხრიკს იყენებ იმისთვის, რომ დიასპორამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ერთი მილიონიდან 34 000-მა შეძლო და მიიღო მონაწილეობა – ეს ნიშნავს, რომ შენი მთავრობა, რომელიც არის საქართველოში ამის საშუალებას არ გაძლევს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.