სალომე ზურაბიშვილი: პარტნიორების მკაცრი რეაქცია არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მორიგი შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა.

ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორი თემა – პატიმრების ოჯახების წამოწყება და საერთაშორისო საზოგადოების განცხადებები და სასამართლოს ხელმძღვანელების სანქცირება.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ სოლიდარობას უცხადებს პატიმრების მშობლებს. ზურაბიშვილის თქმით, მათი მიზანი საერთო და უცვლელია – მზადება ახალი არჩევნებისთვის და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

„იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ ეს თემა სინდისის პატიმრების, მათი მდგომარეობა, წამება და ცუდი მოპყრობა ჩვენი მუდმივი თემაა უცხოელ პარტნიორებთან ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში მაგრამ ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში.

ამან უკვე შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე იყო ძალიან ძლიერი დარტყმა მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე. წამოვიდა სხვადასხვა კუთხიდან მკაცრი და სერიოზული რეაქციები“, – თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ბრიტანეთისგან პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა.

„ეს განცხადებები, ეს რეაქცია ჩვენი პარტნიორების არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ესაა რთული და გრძელი გზა, რომელიც ჩვენი კოორდინაციის გაგებით, ესაა ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე“, – გამაცხადა ზურაბიშვილმა.