სალომე ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა

პუბლიკა

„ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა და ეს არის ერთიანი მიღწევა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა მიმართვაში მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მიშელის სახით საქართველოს ამ პერიოდის განმავლობაში დიდი მეგობარი ჰყავდა.

„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯი.

ამისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა, დამირეკა უკვე და პირადად ვუთხარი მადლობა შარლ მიშელს, რომლის დიდი წვლილია დღევანდელ დღეს, რომ ეს ძალიან რთული ვითარება, რაც არსებობდა ევროკავშირში, გადაწყდა. არავინ იცოდა, როგორ გადაწყდებოდა და მათი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული და არამხოლოდ დღევანდელ დღეს, მთელ ამ პერიოდში გვყავდა მისი სახით დიდი მეგობარი და ამისთვის დიდი მადლობა ვუთხარი პირადად და საჯაროდ მინდა ვუთხრა.

მადლობა ქართველ ხალხს იმიტომ, რომ ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა და ეს არის ერთიანი მიღწევა. რომ არა ერთად, ვერაფერს მივაღწევდით, არც დამოუკიდებლობას, არც დღეს და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას.

ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ ყოველდღიურად, რომ ერთობა არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს. ვერავინ იტყოდა ადრე, რომ ჩვენ ამას მივაღწევდით ასე მალე. ჩვენ ბევრ რამეზე ვოცნებობთ, მაგრამ მიღწევები არ მოდის საერთოდ ასე მარტივად და არც ჩქარა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას ჩვენ, ვინც დღეს ვამბობთ, რომ მივაღწიეთ ამას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებსაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„მადლობა კიდევ მინდა, ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს. ახლა ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. იმიტომ, რომ ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც ვიმსახურებთ სხვა მხრივ, მაგრამ ეს აჩქარებული პროცესი, დღეს რაც ხდებოდა ბრიუსელში, ეს არ მოხდებოდა თუ არა, უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს ორიწლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება როგორც ქართველებს, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა.

მე მინდა, მივულოცო მაია სანდუს, უძლიერეს ქალს დღევანდელ დღეს, რომელმაც გაუძლო უდიდეს შეტევებს, უდიდეს სირთულეებს ამ პერიოდში, მაგრამ შეძლო და თავისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის სჯეროდა, რომ მივიდოდა და გაუძლებდა და გაუძლო“, – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებასაც და აღნიშნა, რომ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს დაესწრება.

„პრემიერმა, მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი, მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ, ყველანი უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ – კარგი, თუ არა ხალში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე, ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას ყველას გილოცავთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.