საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
27 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენმა, „ჰელსინკის კომისიის“ ხელმძღვანელმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიწვია დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, „როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი“. 9 იანვარს ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ უილსონის მიწვევით მიდიოდა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე.
„თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტი ინაუგურაციაზე მოწვევის, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის, თუ არა და ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ალბათ, სხვებსაც ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადონ ეს თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე, მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან“, – თქვა ზურაბიშვილმა.