საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას.
მოთმენლად ველი ჩენს თანამშრომლობას, რომელიც გააგრძელებს ევროკავშირისკენ ისტორიულ გზაზე საქართველოს წინსვლას”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კარგი შეხვედრა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან.
„მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას”, – წერს ფონ დერ ლაიენი.
დღეს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ 13-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოვა ევროპარლამენტში სიტყვით.