საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო.
„საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
დღეს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.
შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილის შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, ასევე, პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას.