სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში საპროტესტო აქციას შეუერთდა

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.

„წინააღმდეგობის 45-ე დღე პრეზიდენტთან ერთად“. – ამ პლაკატით დახვდნენ მას ადგილობრივები, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ახლა ვართ ბრძოლაში, საიდანაც გამარჯვებულები გამოვალთ, მაგრამ მასში ყველა უნდა ჩაერთოს”.

მისი თქმმით, საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა დასავლეთში, რაც, პირველ რიგში, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების დამსახურებაა.

„მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით ჩავალ ვაშინგტონშიც. იქ დღეს ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე, ვთხოვთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოელი არამეგობრისგან.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდათ, ევროპაში და გინდათ, ამერიკაში.

ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს და არიან ასეთი აქტიურები დღეს, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს ყველა ქალაქში, საზოგადოების ყველა სეგმენტი, რომელიც არის ჩართული, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ იმ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ”.- თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

მან ასევე თქვა, რომ საჭიროა, ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური პარტიები.

„არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ – თქვენი ჯერი მოვიდა”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მე-5 პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესებს.

„გუშინ იყო სასამართლო, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან და ეს იცის მოსამართლემაც, რომელიც იქ იჯდა. იცის, რომ იქ ჯგუფური ძალადობა და არანაირი დანაშაული არ ყოფილა. ისინი გათავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა გათავისუფლდება […].

აქ არ არის ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით, თავიანთი, ლექსიკითა და სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ ქვეყანა, სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის ამ ქვეყანაში სიახლე, რომელსაც უნდა შეეგუოს ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება და წინსვლა უნდა“. –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა გალის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს.