სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს – ელისაშვილი

პუბლიკა

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან დღევანდელი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„მე და ჩვენ „სამოქალქო მოძრაობა“ მოვითხოვთ, რომ თანამდებობით პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა, სინამდვილეში კი ამ ქვეყნის უზარმაზარმა სირცხვილმა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქვეყნისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს შეიარაღება და არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალები, სადაც მსახურობს ათასობით ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო მისიებში და ავღანეთში, სადაც ჩვენი ბიჭები ტყვიას შუბლს უშვერენ, იმყოფებიან გაშმაგებული ადამიანების გარემოცვაში და არ არიან დაზღვეულები იმისაგან, რომ საღსალამათები დაბრუნდებიან და ეს ადამიანი ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს და სამხედრო პერსპექტივა არ გვაქვს.

სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა ჯარისკაცის, სერჟანტის, ოფიცრისა და იმ ადამიანების წინაშე, ვისაც საქართველოს არმიის სამხრეები აქვს და აცვია ფორმა. ბოდიში მოუხადოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ აბუჩად ამგდები და დამცინავი განცხადების გამო. ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, –  ამბობს ალეკო ელისაშვილი. მის განცხადებას „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.