სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგხსენოთ, რაც ასევე ევროოპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპს მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

——————————–

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, უზნესაემა კი დაადგინა, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი ძალაში დატოვა.

პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ მას 50 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი შეცვალა სასჯელის სახე და ზომა და გვარამიას 3 წლითა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება II ეპიზოდს, ე.წ. ავტომობილის საქმეს, სააპელაციომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ, ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა.