სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანზე საახალწლო სოფლის სცენიდან კახელების მარშს მიმართა

პუბლიკა

პროევროპული საპროტესტო აქციების 25-ე დღეს მარში კახელებმა გამართეს.

ისინი თბილისში, ერეკლე II-ის მოედნაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პალრამენტამდე აპირებენ მისვლას.

აქციის მონაწილეები გზად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.

მათთან შესახვედრად სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა.

პრეზიდენტმა მარშის მონაწილეებს ორბელიანის მოედანზე მერიის მიერ მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენიდან მიმართა.

თავდაპირველად მის სცენაზე ასვლას მერიის თანამშრომლების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოქალაქეებისა და პრეზიდენტის დაცვის ძალისხმევით, პრეზიდენტმა სცენაზე ასვლა შეძლო.

„მინდა, მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ, ქართველი ვარ… დიდი მადლობა და შევხვდეთ 9 საათზე“ – განაცხადა მან.

21:00-ზე პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილია პარლამენტთან აქციაზე.

„საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანქანა, რომელსაც პარლამენტთან სცენის აღჭურვილობა მიჰქონდა, 112-მა გადაიყვანა. „პუბლიკა“ ამ ინფორმაციის გადამოწმებას შსს-სთან უშედეგოდ ცდილობს.

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა:

„დღეს ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“.