საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, არ აღიარებს შედეგებს და ორშაბათს, 28 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციას აანონსებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ, ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და მსოფლიოს აჩვენონ, რომ არ აღიარებენ შედეგებს.
ზურაბიშვილმა მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს და მოუწოდა, დადგნენ მოსახლეობის გვერდით, რადგან ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და „ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს“.
„ჩვენ დავდგებით ერთად და ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად არიან ის პარტიები რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, ქარტიას, მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ 7 საათზე, რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა, ყველანი ერთად, რომ ჩვენ ეს გამოვაცხადოთ, მსოფლიოს გამოვუცხადოთ. […] მე მინდა მივმართო ასევე ჩვენ პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ძალიან მადლობელი ვართ ყველანი ამ განცხადებებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან კავშირების დამყარება, ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას, თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, რომ მოსახლეობა დაიცვათ, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც თქვენ დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა რომ მიეღო და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების მერე, უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას გვერდით, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ იქნა, არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს“, – თქვა ზურაბიშვილმა.