„ევროპული საქართელოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის შიგნით სტრუქტურულ გადაადგილებაზე საუბრობს.
დავით ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოების განწყობა არის მკაფიო, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან ელოდება სიახლეებს, ელოდება ახალ ხედვას და განახლებას.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პარტიაში მიდის მსჯელობა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და რა უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ამის შესახებ კი საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს ყველაფერს.
„პოლიტიკურ პარტიას, ისე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან, საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ელოდება ახალ ხედვას და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.
უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე, საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ რაც დღეს შემიძლია ხაზგასმით ვთქვა – როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება ამ შემთხვევაში, ის გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბაქრაძემ.