2023 წლის პირველ სამ თვეში სამუშაო ადგილზე დაშავების 54, ხოლო დაღუპვის 7 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ მონაცემებს „ღირსეული შრომის პლატფორმა“ შრომის ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან – 14 მძიმე შემთხვევაა, ხოლო 40 – საშუალო სიმძიმის.
მათი ცნობით, დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა ტრადიციულად მაღალია სამშენებლო სექტორში – მხოლოდ 2023 წლის პირველ კვარტალში, სამშენებლო სექტორში მძიმედ დაშავების 4, საშუალო სიმძიმის – 6, ხოლო გარდაცვალების 4 შემთხვევაა აღნუსხული.
პლატფორმის ცნობით, მძიმედ დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკის მიხედვით, კვლავ დატვირთულია სამშენებლო ბუმით გამორჩეული თბილისი, ხოლო რეგიონებში – მძიმე ინდუსტრიის ზონა – იმერეთი.
ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, შრომის ინსპექციის საქმიანობის სრული მანდატით ამოქმედებისა და გარკვეული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი არსებითად არ მცირდება.
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ აღნიშნავს, რომ დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევათა მძიმე დინამიკა, ამ სექტორში გასულ წლებშიც დომინირებდა. შრომის ინსპექციის ანგარიშების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სულ 35 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 16 – მშენებლობის სექტორში; 2021 წელსაც სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა გარდაცვალების 37 შემთხვევაა აღნუსხული, მათგან ყველაზე მეტი, 18 – მშენებლობის სექტორში.
ორგანიზაციის ცნობით, არასახარბიელო მდგომარეობაა დამამუშავებელ მრეწველობასა და ავტომობილებისა და მოტოციკლეტების სარემონტო სამუშაოების წარმოების სფეროშიც. „ცალსახაა, რომ აღნიშნულ რეგიონებსა და სექტორებში, შრომის ინსპექციის საქმიანობის პრევენციული მიმართულება სუსტია, ხოლო შედეგები – მძიმე“, – აღნიშნულია განცხადებაში.