სამადაშვილი მოქალაქეებს საღამოს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„დღეს იგეგმება კანცელარიასთან მოქალაქეების შეკრება საღამოს 7 საათზე. ჩემი თხოვნაა ყველა მოქალაქესთან, ვინც დღეს აპირებს, რომ გამოვიდეს – კანცელარიასთან შეკრების შემდეგ მოხვიდეთ პარლამენტთან და გააგონოთ თქვენი ხმა სამარცხვინო ხელისუფლებას“, – აცხადებს ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.

დეპუტატის განცხადებით, კიევი იბრძვის იმისთვის, რომ არ დაეცეს, ამ დღეს კი, როდესაც უკრაინელი ხალხის ბედი წყდება, ხელისუფლებამ პარლამენტის კარები ჩაკეტა.

საქართველოს პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის მიწვევით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა დაწყებულიყო, ოპოზიციის განცხადებით, სხდომათა დარბაზის კარები ჩაკეტეს და დეპუტატები შიგნით ვერ შედიან.

ოპოზიცია ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები უკრაინის მხარდასაჭერად დროშების გაშლას, უკრაინის ჰიმნის გაჟღერებას და ტაშის დაკვრას აპირებდნენ, თუმცა, მათი თქმით, ჰიმნის ჩასართავად საჭირო ტექნიკა პარლამენტში ვერ შეიტანეს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია სხდომათა დარბაზში ვერ შევიდა და ვერც ტექნიკა შეიტანა, დეპუტატები დერეფანში შეიკრიბნენ და ტელეფონებში ჩართეს უკრაინისა და საქართველოს ჰიმნი.